ივანე ჯავახიშვილი (დ. 11 აპრილი/23 აპრილი, 1876, თბილისი ― გ. 18 ნოემბერი, 1940, იქვე), ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ივ. ჯავახიშვილი დაიბადა თბილისში. მამამისი, თავადი ალექსანდრე ჯავახიშვილი გიმნაზიის მასწავლებელი იყო. 1895 წელს ჯავახიშვილმა დაასრულა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზია, 1899 წელს კი პეტერბურგის (რუსეთი) უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილება. 1899—1901 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტი. 1901—1902 წლებში იგი მიწვეულ იქნა ბერლინის უნივერსიტეტში (გერმანია).
1902—1917 წლებში ჯავახიშვილი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი. 1907 წელს ნაშრომისათვის „ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება“ მას მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. 1907—1917 წლებში იგი ხელმძღვანელობდა პეტერბურგის (პეტროგრადის)უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს. 1907 წლიდან იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელი წევრი. 1918 წელს მას მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.
მოღვაწეობა .1918 წელს ჯავახიშვილის თაოსნობით და ქართველ მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივით დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1918—1919 იგი იყო ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, 1919—1926 წლებში ამავე უნივერსიტეტის რექტორი (პირველი რექტორი პროფესორი პეტრე მელიქიშვილი გახლდათ). 1918—1938 წლებში ის თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობდა, 1936—1940 წლებში კი ის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საქართველოს ისტორიის განყოფილებას ედგა სათავეში. იმავდროულად იგი იყო კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი, 1937-დან რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი. 1939 წელს არჩეულ იქნა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).
ივანე ჯავახიშვილის მეცნიერული მოღვაწეობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენდა საქართველოსა და კავკასიის ისტორია და ისტორიოგრაფია, ქართული ეკონომიკისა და სამართლის ისტორია, კავკასიის ეთნოლოგია, საქართველოს ეთნოგრაფია, კავკასიური ენები, საქართველოს საისტორიო გეოგრაფია, ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია. სამართლიანად ითვლებოდა ისტორიული წყაროთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლად. ის გახლდათ 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი.
ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში. არ დარჩენილა ისტორიულ-ფილოლოგიურ მეცნიერების არც ერთი დარგი, რომელშიც მას ფუძემდებლური ნაშრომები არ დაეტოვებია. როგორც მეცნიერმა, ჯავახიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მიიქცია ყურადღება. ნაშრომისათვის „ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში“ პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ოქროს მედლით დააჯილდოვა (1898). ქართული ხელნაწერების შესწავლა-აღწერის მიზნით ჯავახიშვილმა ნ. მართან ერთად იმოგზაურა სინის მთაზე (1902) და არაერთი მაღალი ღირსების ძეგლი გამოავლინა.
სამეცნიერო შრომები.
1. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V—XVIII სს.), (გამოსცა 1916, 1921, 1945, 1977);
2. ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია (1925);
3. ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია (1926, 1949);
4. ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა (1925).
ჯავახიშვილმა შეისწავლა ძველი სომხური საისტორიო მწერლობა (I წიგნი გამოიცა 1935) და სომხურ ისტორიოგრაფიასაც მნიშვნელოვანი ღვაწლი დასდო.
ჯავახიშვილს ეკუთვნის კაპიტალური შრომა „ქართველი ერის ისტორია“ (5 წიგნად), რომელშიც სრულიად ახლებურადაა შესწავლილი საქართველოს პოლიტიკური ისტორია, სოციალური ურთიერთობის ფორმები, ქართველი ხალხის ვინაობისა და მიგრაციის საკითხები, სახელმწიფოებრივი წყობილების ფორმები, მატერიალური კულტურა, იდეოლოგია, სარწმუნოება, კულტურა. ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ისტორიის გეოგრაფიის პრობლემების ფართო მასშტაბით კვლევა. ისტორიის გეოგრაფიულ საკითხებს საჭიროებისამებრ იგი სხვადასხვა ნაშრომში ეხება, საგანგებოდ კი ამ პრობლემას უძღვნა მონოგრაფია „საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით“ (1919).
ივ. ჯავახიშვილი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში.
ჯავახიშვილმა საგანგაბოდ შეისწავლა საქართველოს ეკონომიკის ისტორია. დღესაც ამ დარგის მეცნიერთა სამაგიდო წიგნს წარმოადგენს მისი 2 ტომიანი ფუნდამენტური მონოგრაფია „საქართველოს ეკონომიური ისტორია“.
ჯავახიშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართული სამართლის ისტორიის შესწავლასაც. შექმნა კაპიტალური ნაშრომი „ქართული სამართლის ისტორია“ (I წიგნი გამოქვეყნდა 1919, 1928; II წიგნის I ნაკვეთი — 1928; II წიგნის II ნაკვეთი — 1929, უკანასკნელი გამოცემა „თხზულებანი“, ტ. 6-7, 1982—1984).
ჯავახიშვილმა საფუძვლიანად გამოიკვლია მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში. შექმნა ფუძემდებლური მონოგრაფია ქართული მუსიკის ისტორიის საკითხებზე. 1943 ჯავახიშვილის თანაავტორობით გამოქვეყნდა საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო, რომელსაც 1947 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია.
ჯავახიშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ენის უძველესი აგებულებისა და ნათესაობის საკითხების კვლევას. მან პირველმა დაასაბუთა ქართველური ენების მთის იბერიულ-კავკასიურ ენებთან ნათესაობა ძირითადი გრამატიკული კატეგორიებისა და ლექსიკის მიხედვით, რითიც მყარი ნიადაგი მოამზადა იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის.
ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული უძველეს პალიმფსესტურ ხელნაწერებში V—VII საუკუნეებში ხანმეტი ტექსტების აღმოჩენა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ენის წერილობითი ისტორიის პერიოდიზაციისათვის.
ჯავახიშვილი აქტიურად იღვწოდა ქართული ხელოსნობისა და შინამრეწველობის ისტორიის შესასწავლად. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით იქნა შეკრებილი ქართული შინამრეწველობის უმდიდრესი მასალა (გამოიცა 3 ტომად 1976—1986 წლებში).
ჯავახიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო ვეფხისტყაოსნის 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.
ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში.
0 коммент.:
Отправить комментарий