შუმერები

ძველი თბილისი

понедельник, 11 октября 2010 г.

შუმერი - (შუმერულად ki-en-gir) უძველესი ცივილიზაცია მესოპოტამიაში ძვ. წ. VI - ძვ. წ. III ათასწლეულებში. დღეისთვის შუმერული ცივილიზაცია ჩვენთვის ცნობილი უძველესი კულტურაა. სავარაუდოდ სწორედ შუმერებმა მოიგონეს ირიგაცია, ბორბალი და დამწერლობა.შუმერული ქალაქ-სახელმწიფოების წარმოშობა

ადამიანის მიერ სამხრეთ შუამდინარეთის ათვისება დაიწყო ძვ. წ. VI ათასწლეულში. VI - V ათასწლეულებში აქ დასახლებული ტომები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რეგიონში ძალიან ცოტა იყო მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწები. მხოლოდ ძვ. წ. IV ათასწლეულისთვის დაიწყეს ტომებმა გაერთიანება და ევფრატის ნაპირებზე ირიგაციული სისტემების შექმნა. საირიგაციო სისტემის შექმნამ გამოიწვია მოსავლის ზრდა და პროდუქციის დაგროვების შესაძლებლობა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა შრომის დიფერენციაცია და მოგვიანებით კლასების ჩამოყალიბება.

დაიწყო ასევე დასახლებების ზრდა და ქალაქების ჩამოყალიბება. ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში დიდ დასახლებებს, სადაც ტაძრებიც იყო, გალავნები შემოარტყეს, ასე წარმოიშვა პირველი ქალაქები. ტაძრები ასრულებდნენ არა მხოლოდ რელიგიური კულტის თაყვანისცემის ფუნქციას, არამედ აქ იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი და ინახებოდა მოსავლის მარაგები. დაახლოვებით ძვ. წ. 3000 - ძვ. წ. 2900 წლებში ტაძრების მეურნეობა იმდენად გართულდა, რომ საჭირო გახდა უფრო რთული აღრიცხვის სისტემის შემუშავება, რამაც განაპირობა დამწერლობის შექმნა.

ამ პერიოდისთვის დაარსებული უდიდესი შუმერული ქალაქები იყო: ერიდუ, ნიფური, ქიში, ლაგაში, ურუქი, ური და უმა.
დამწერლობამდელი პერიოდი და დამწერლობის შექმნა

შუმერებმა წერა თიხის ფილებზე ლერწმით დაიწყეს. ყოველი სიმბოლო აღნიშნავდა რაიმე საგანს, ან ამ საგანთან დაკავშირებულ ცნებას. მაგალითად სიმბოლო "ფეხები" ნიშნავდა სიარულს, მოსვლას, მოტანას, დგომას. ამრიგად გრამატიკული ფორმები დამწერლობაში არ აისახებოდა, და ეს თავდაპირველად არც იყო საჭირო, რადგან დოკუმენტებში აისახებოდა მხოლოდ ციფრები და გამოსათვლელი პროდუქტების სიმბოლოები. მხოლოდ ძვ. წ. 2400 წლისთვის მიიღო ლურსმულმა დამწერლობამ ისეთი სახე, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა ინფორმაციის სრულყოფილად გადაცემა.

ლურსმული დამწერლობით ფილა

რაც შეეხება ლურსმულ დამწერლობას, თიხის ფილაზე ძალიან რთულია სიმბოლოების ასახვა, ამიტომაც მიიღო დროთა განმავლობასი სიმბოლოებმა ის ფორმა, რომელსაც ლურსმული დამწერლობის სახით ვიცნობთ.

ლურსმული დამწერლობით შექმნილი წარწერების შესწავლამ ცხადყო, რომ ამ პერიოდში სამხრეთ შუამდინარეთში ცხროვრობდა ორი სხვადასხვა ერი, რომლების ორ სრულიად განსხვავებულ ენებზე საუბრობდნენ და წერდნენ, ეს იყო შუმერული ენა და აქადური ენა. შუმერული ენა არ ენათესავება არცერთ ცნობილ ენას, ხოლო აქადური მიეკუთვნება აღმოსავლეთ სემიტურ ენებს. შესაძლოა ამ პერიოდში ცხოვრობდნენ კიდევ სხვაენოვანი ტომები, მაგრამ მათ შესახებ ცნობებმა ჩვენამდე არ მოაღწია.

მესოპოტამიური უძველესი ტექსტები (ძვ. წ. 2900 - ძვ. წ. 2500) დაწერილია მხოლოდ შუმერულ ენაზე. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ აღმოსავლელი სემიტები ამ პერიოდში არ ცხოვრობდნენ შუამდინარეთში, როდესაც ძვ. წ. 2350 წლამდე სამხრეთ მესოპოტამიაში უფრო გავრცელებული იყო შუმერული ენა, ცენტრალურ და ჩრდილო მესოპოტამიაში ჭარბობდნენ სემიტური ენები.

არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში შუმერებსა და სემიტებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტები არ ყოფილა, სავარაუდოდ მაშინ ხალხი ასეთი ფართო კატეგორიებით არ ხელმძღვანელობდა, ომობდნენ ერთმანეთში უფრო მცირე ერთეულები, ქალაქები და ტომები. ყველა მესოპოტამიელის თვითდასახელება იყო "შავთავიანი", შუმერულად სანგ-ნგიგა აქადურად ცალმატ-კაქადი.

ვინაიდან იმდროინდელი ისტორია ჩვენთვის უცნობია, ისტორიკოსები ხელმძღვანელობენ არქეოლოგიური პერიოდიზაციით. არქეოლოგები ასხვავებენ დამწერლობამდელ პერიოდს (ძვ. წ. 2900 - ძვ. წ. 2750), რომელიც ორ ქვეპერიოდად იყოფა და ადრეული დინასტიის პერიოდს (ძვ. წ. 2750 - ძვ. წ. 2310), რომელიც სამ ქვეპერიოდად იყოფა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ უძველესი ლურსმული დამწერლობა მთელ სამხრეთ მესოპოტამიაში სრულიად იდენტური იყო, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი სადღაც ერთ ადგილას შეიქმნა და ეს ადგილი ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ მესოპოტამიის სხვა მოსახლეებმაც გადაიღეს იქედან დამწერლობა. სავარაუდოდ, ეს ქალაქ ნიფურში მოხდა. ამ ქალაქში იყო ქალღმერთ ენლილის ტაძარი, რომელსაც ყველა "შავთავიანი" სცემდა თაყვანს, თუმცა ყველა "ნომს" საკუთარი ღმერთი ყავდა. სავარაუდოდ, ნიფური სახელმწიფომდელი შუმერის რელიგიური ცენტრი იყო, ასეთივე დარჩა მოგვიანებითაც, თუმცა იგი არასდროს იყო პოლიტიკური ცენტრი.

0 коммент.:

Отправить комментарий