შუმერები

ძველი თბილისი

среда, 27 октября 2010 г.

Old Tbilisi / ძველი თბილისი

ვახტანგ გორგასალი, King Vakhtang Gorgasali

davit agmashenebeli

ნიკოლოზ ბერძენიშვილი

ნიკოლოზ (ნიკო) ალექსანდრეს ძე ბერძენიშვილი (დ. 28 დეკემბერი, 1894/9 იანვარი, 1895, გოგოლესუბანი, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ― გ. 16 ივლისი, 1965, თბილისი), ქართველი ისტორიკოსი, პროფესორი (1939), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1943), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).
ბიოგრაფია

1906 წელს ბათუმის გიმნაზიაში სწავლის დროს მოსწავლეთა რევოლუციური მოძრაობაში მონაწილეობისათვის გიმნაზიიდან გარიცხეს და ბათუმში ცხოვრება აუკრძალეს. მხოლოდ თებერვლის რევოლუციის შემდეგ 1917 წელს, დაასრულა გიმნაზიის კურსი. 1920 წელს შევიდა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1926 წელს. ი. ჯავახიშვილის შუამდგომლობით დატოვეს საქართველოს ისტორიის კათედრაზე საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1938 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1939 წელს აირჩიეს თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად.

1939-1958 წლებში მუშაობდა ისტორიის განყოფილების გამგედ ჯერ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში. 1948-1965 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი, 1951-1957 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1935-1938), თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1938-1940), თსუ-ში იყო საქართველოს ისტორიის კათედრის გამდეგ (1946-1956).

ბერძენიშვილის თაოსნობით მოხდა მეცნიერული კვლევის გეგმაზომიერი დიფერენციაცია, მომზადდა ისტორიკოსთა კადრები. მისი თანაავტორობით დაიწერა საქართველოს ისტორიის პირველი მარქსისტული სასკოლო სახელმძღვანელო (1943). 1958 წელს მისივე რედაქტორობითა და თანაავტორობით გამოიცა ნაშრომი "საქართველოს ისტორია". თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ბერძენიშვილმა საქართველოს ისტორიის პრობლემათა მეცნიერულ შესწავლაში. მარქსისტული მოძღვრების შუქზე განიხილა XIII-XVIII საუკუნეების საქართველოს ისტორია; წამოაყენა დებულებები ფეოდალური ხანის (VI-XIX სს.) საქართველოს ისტორიის ძირითადი პრობლემების შესახებ; გააშუქა ფეოდალური ეპოქაში მწარმოებელი კლასის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული კონკრეტული მოვლენები; დაადგინა ბატონყმობის დამკვიდრების დრო; ახლებურად ახსნა სათავადოების ჩამოყალიბების საკითხი, კერძოდ, დაასაბუთა, რომ სათავადოების წარმოშობა საქართველოს ისტორიის გარკვეულ საფეხურზე შექმნილი "ჩიხის" შედეგი იყო და არა პროგრესისა, როგორც მანამდე ფიქრობდნენ. ახევე ახლებურად გააშუქა რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის, XIX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივი-პოლიტიკური მოძრაობის ისტორია და სხვა მრავალი პრობლემის საკვანძო საკითხები. ბერძენიშვილის დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ისტორიის გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების, შემდგომ განვითარებაში. ბერძენიშვილის კვლევა-ძიებათა მთავარი საგანი იყო ფეოდალური საქართველოს სოციალურ-ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის განვითარების საკითხები.

ბერძენიშვილის შრომებმა - "ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში" (1937), "ნარკვევი XIII-XVI საუკუნეები საქართველოს ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ისტორიიდან" (1938, რუსულ ენაზე), "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე" (1944), "XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიიდან" (1944), "კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლის გამოვლინება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობაში" (1955), "საქართველოს ისტორია" (1943-1960, თანაავტორი და რედაქტორი) და სხვა, აგრეთვე ისტორიული დოკუმენტების მრავალრიცხოვანმა პუბლიკაციებმა - განსაზღვრა ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის მეცნიერული კვლევის მიმართულება ამ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე. ბერძენიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ისტორიის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოება, რომლის პირველი თავმჯდომარე თვითონ იყო. 1947 წელს ბერძენიშვილს ი. ჯავახიშვილთან და ს. ჯანაშიასთან ერთად საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნისათვის მიენიჭა სახელმწიფო პრემია. იყო საქართველოს სსრ VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია თბილისში, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ნაშრომები:
1) "ფეოდალური ურთიერთობებიდან XV საუკუნეში"
2)"რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე"
3)XVIII- საუკუნის საქართველოს ისტორიიდან"
4)"კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლის გამოვლინება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობაში"
5)''საქართველოს ისტორია"

პოლ ვალერი

პოლ ვალერი, (Ambroise-Paul-Toussaint-Jules Valéry), (დ. 30 ოქტომბერი, 1871, სეტი, საფრანგეთი – გ. 20 ივლისი, 1945, პარიზი, საფრანგეთი), ფრანგი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი.

დიდი ფრანგი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი პოლ ვალერი დაიბადა 1871 წლის 30 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ სეტში. მამამისი ფრანგი იყო დედა კი იტალიელი. 1892 წლიდან დაუახლოვდა პარიზის ლიტერატურულ წრეებს, სადაც გაიცნო სტეფან მალარმე, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მის ინტელექტუალურ განვითარებაზე. პოლ ვალერის ლიტერატურული მოღვაწეობა 1889-90 წლებიდან დაიწყო, სიმბოლისტურ ჟურნალებში გამოქვეყნებული ლექსებით. მათ მოჰყვა ”ლეონარდო დავინჩის მეთოდის შესავალი” და ”საღამო ბატონ ტესტთან”, მაგრამ 1900 წლიდან მოყოლებული თავს ანებებს ლიტერატურულ საქმიანობას და წლების მანძილზე კარჩაკეტილად ცხოვრობს აბსოლუტურ მდუმარებაში, რომელსაც 1917 წელს არღვევს ”ნორჩი პარკას”-(მიჩნეული ვალერის ყველაზე მნიშვნელოვან პოემად) გამოქვეყნებით. ამ წიგნმა მას ჭეშმარიტი პოეტის სახელი მოუხვეჭა მეგობრებსა და პოეზიის მოტრფიალეთა შორის. 1920 წელს აქვეყნებს ”ოდებსა” და ლირიულ პოემებს, რომელებიც შემდეგ გაერთიანდნენ კრებულში ”ხიბლლი”. ამას მოჰყვა დიალოგები: ”ევპალინოსი, ანუ ხუროთმოძღვარი” და ”სული და როკვა” (1923 წ.) ესეების ორი ტომი ”ნარევი-1” (1924 წ.) და ”ნარევი-2” (1930 წ.), აგრეთვე მრავალი მომცრო წიგნი და ლიტერატურულ-ფილოსოფიური ხასიათის ფრაგმენტები. 1925 წელს ვალერი არჩეულ იქნა საფრანგეთის აკადემიის წევრად, სადაც დაიკავა ანატოლ ფრანსის ადგილი. პოლ ვალერი შედარებულია სპინოზასა და დეკარტთან, რადგან მათი ბიოგრაფიული მსგავსებანი თუ სულიერი სივრცე არაერთ წერტილში ავლენს მსგავსებას და ზოგგან იკვეთება კიდეც. (მისი ცხოვრებაც ხომ გენიალური განდეგილის ცხოვრებაა მათსავით) მას უწოდეს ”ახალი გოეთე”, სერჯო სოლომიმ მასზე დაწერა: ”თანამედროვეობის ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანი ხმა მე ვალერისგან მესმის”. როდესაც რაინერ მარია რილკემ ვალერის ”ზღვის სასაფლაო” თარგმნა - აღნიშნა, რომ ჭეშმარიტად აღფრთოვანებული, როგორიც იგი ვალერის შემოქმედებითაა ძალზე იშვიათად თუ ყოფილა. რილკე: ”მე მგონია, თავისი ცხოვრების რომელიღაც ეპიზოდში ამ დიდმა პოეტმა დათრგუნა ყოველივე წარმავალი არსებითისა და მარადიულის გულისთვის, -იმდენად ნათელი ჩანს იქ, სადაც სხვები მხოლოდ სიცხადის ხარჯზე თუ აღწევენ სიღრმეს...” ასევე რილკემ აღნიშნა: ”თუ არა ვცდები, ის სწავლობდა მათემატიკას და იმდენად ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა შეიძინა ამ დარგში, რომ სხვა ფრანგ სწავლულებზე ადრე შეეძლო გაეგო და ჩამოეყალიბებინა აინშტაინის მნიშვნელობა”. მასთან მეგობრობდნენ: ანდრე ჟიდი, ანრი ბერგსონი და ალბერტ აინშტაინი, რომელთა დაჟინებითაც მან არაერთი სტატია გამოაქვეყნა. პოლ ვალერი გარდაიცვალა პარიზში 1945 წელს.

ლეონარდო ბრუნი

ლეონარდო ბრუნი (იტალ. Leonardo Bruni; დ. 1369– გ. 9 მარტი, 1444)–იტალიელი ჰუმანისტი და ისტორიკოსი. დაიბადა არეცოში, რის გამოც არეტინო შეარქვეს. XIV საუკუნის 80–იან წლებში ბრუნი ფლორენციაში გადმოსახლდა, სადაც მან შესანიშნავი განათლება მიიღო. მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ფრანჩესკო პეტრარკამ, კალუჩო სალუტატიმ და სხვ.

1405–1415 წლებში ბრუნი მდივნად მუშაობდა პაპის კურიაში. 1415 წლიდან იგი კვლავ ფლორენციაში დაბრუნდა, რომელიც არასოდეს დაუტოვებია. იმავე წელს მან ფლორენციის რესპუბლიკის მოქალაქეობა მიიღო, ხოლო 1427 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე რესპუბლიკის კანცლერის თანამდებობა ეკავა.

ლეონარდო ბრუნიმ მრავალმხრივი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა. მან ბერძნულიდან ლათინურ ენაზე თარგმნა პლატონის, არისტოტელეს, პლუტარქეს, ქსენოფონტესა და სხვათა შრომები. მისი მნიშვნელოვანი ნაშრომია „ფლორენციელი ხალხის ისტორია“, რომელიც კომუნის შეკვეთით და
წერა და 1439 წელს დაასრულა. მის კალამსვე ეკუთვნის შრომები:„ ქალაქ ფლორენციის ქება“, „სამხედრო საქმის შესახებ“, „სწორი თარგმანის შესახებ“ და სხვ.

понедельник, 25 октября 2010 г.

ვოლტერი

ვოლტერი (ნამდვილი სახელი ფრანსუა მარი არუე, დ. 21 ნოემბერი, 1694 – გ. 30 მაისი, 1778) – ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ფილოსოფოსი, განმანათლებელი.
ფრანსუა მარი არუე დაიბადა პარიზში, შეძლებული ნოტარიუსის ოჯახში. 1704 წელს შედის იეზუიტთა კოლეჯში. 1711 წელს კი სწავლას განაგრძობს სამართლის სკოლაში. ამავე დროს იგი ხშირი სტუმარია პარიზის სალონების და გამოიჩევა თავისი მახვილგონიერებით. 1717 წელს ლუი XIV -ის მეფობის შესახებ პოლიტიკური სატირის დაწერის გამო აპატიმრებენ. 1718 წელს კომედი ფრანსეზში წარმატებით იდგმება მისი ტრაგედია ოიდიპოსი. ამ პერიოდს უკავშირდება ფსევდონიმის აღებაც. 1726 წელს შევალიე დე როანთან მომხდარი უსიამოვნების გამო ისევ აპატიმრებენ. ბასტილიიდან გამოსვლის შემდეგ ვოლტერი ინგლისში მიემგზავრება, სადაც იგი გაეცნობა ჯონ ლოკისა და ისააკ ნიუტონის თეორიებს და წერს ინგლისურ წერილებს, რომლებშიც გამოთქვამს თავის აღფრთოვანებას ბრიტანული მონარქიით. 1729 წელს ბრუნდება საფრანგეთში, მაგრამ ინგლისური წერილების გამოქვეყნების გამო იძულებული ხდება თავის მეგობარ, მარკიზა დუ შატელესთან პროვინციაში შეაფაროს თავი. ეს დრო მისი ლიტერატურული მოღვაწეობის ყველაზე უხვი პერიოდია. აქვე იწყება მისი მიმოწერა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-სთან, რომელიც მას ბერლინში მიიპატიჟებს. 1750-1753 წლებში ვოლტერი გერმანიის სამეფო კარზეა, მაგრამ ფრიდრიხ II-სთან უთანხმოების გამო ისევ იძულებულია გაიქცეს. ამჯერად შვეიცარიაში მიემგზავრება. საბოლოოდ, 1759 წელს, ფერნეიში, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვართან ახლოს აშენებს ციხე-სიმაგრესა და ეკლესიას და იქვე სახლდება. მალე მას "ფერნეის პატრიარქსაც" შეარქმევენ. მასთან გამუდმებით მოდიან სტუმრად ცნობილი ადამიანები. თავის სოფელს ვოლტერი პატარა ინდუსტრიული წარმოების მოდელად აქცევს სადაც საგრძნობლად გაუმჯობესებულია გლეხთა პირობები. ამ პეროდისთვის იგი იმდენად პოპულარულია რომ პარიზში ძეგლსაც უდგამენ, რომლის გახსნას თავადვე ესწრება. 1746 წელს მას საფრანგეთის აკადემიის დირექტორად ნიშნავენ. ვოლტერი გარდაიცვლება 1778 წელს, 84 წლის ასაკში. 1791 წელს მისი ფერფლი პარიზის პანთეონში გადააქვთ.


ფილოსოფია

ვოლტერმა მრავალი მოაზროვნის გავლენა განიცადა, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა მონტენს, ლოკსა და ნიუტონს ჰქონდათ. ინგლისური ემპირიზმისა და ფრანგული სინამდვილის ზეგავლენით იგი დეიზმის პოზიციაზე დგება, რომელიც უარყოფს ყოველგვარ დოგრამტურ რელიგიურ ინსტიტუციას. თუმცა იგი საერთოდ რელიგიის წინააღმდეგი არ ყოფილა. რელიგია მას აუცილებლად მიაჩნია საზოგადოების არსებობსათვის, როგორც მასების მორჩილების საშუალება. ღმერთი რომ არ ყოფილიყო ის უნდა გამოგვეგონაო, ამბობდა ვოლტერი. თავის ფილოსოფიურ ლექსიკონში სტატიაში თეისტი ვოლტერს შემოაქვს ღმერთის, როგორც სამყაროს არა არარიდან შემომქმედის, არამედ მომწესრიგებლისა და პირველი ბიძგის მიმცემის გაგება. ყველას შეუძლია თავისებურად სწამდეს ღმერთი, მაგრამ რაღაცნაირი მაინც უნდა სწამდეს. ცხოვრების სახელმძღვანელო მაქსიმა კი არის - "აკეთე სიკეთე"! ეს მოთხოვნა, მეტაფიზიკური სისტემების უარყოფისა და რეალური შრომის პროცესის აპოლოგიასთან ერთად, ვოლტერის ცხოვრებისა და აზროვნების ძირითად პრინციპს წარმოადგენს.
ფილოსოფიური ზღაპრები

ზღაპრების წერა ვოლტერმა 50 წლის ასაკში დაიწყო. მასზე დიდი გავლენა მოახდინა იეზუიტურმა განათლებამ, საიდანაც აიღო სტილის ელეგანტურობა. ინგლისში ყოფნისას გაიცნო სვიფტის შემოქმედება, რომლისგანაც გადმოიღო ფანტაზიისადმი მიდრეკილება და მოგზაურობის სიყვარული. სიუჟეტებისთვის კი უძველეს აღმოსავლელ ავტორებს მიმართავდა, რის გამოც პლაგიატორობაც კი დასწამეს. ზღაპრებში ვოლტერს გამოყენებული აქვს დამცინავი, სხარტი კილო და იმდენად ჩქარი რიტმი, რომ პერსონაჟის უბედურება მკითხველს მღელვარებასაც კი არ განაცდევინებს. ვოლტერის ზღაპრების გამაერთიანებელი რგოლი მისი ფილოსოფიაა, რომელიც მთელი მისი ცხოვრების მანძილზე იცვლებოდა. ზღაპრებში ვოლტერი დასცინის რელიგიებს, ეკლესიის მსახურებს და რელიგიურ ინსტიტუციებს.
ზადიგი ანუ ბედისწერა, 1747
მიკრომეგასი, 1752
კანდიდი ანუ ოპტიმისტი, 1759
მიამიტი, 1767
ბაბილონის პრინცესა, 1768
დრამატურგია

ვოლტერის ბიუსტი, 1778, ჟან ანტუან ჰუდონი

ვოლტერი თავის ლიტერატურულ კარიერას იწყებს 1718 წელს პიესით ოიდიპოსი და ამთავრებს ასევე დრამატული ნაწარმოებით, ირენი, რომლის წარმოდგენაზეც იმყოფებოდა სიკვდილის წინა დღეს. იგი ხშირად თავადვე თამაშობდა თავის პიესებში. ვოლტერი სიცოცხლეში სწორედ დრამატული ნაწარმოებებით გახდა ცნობილი. მასზე დიდი გავლენა მოახდინა შექსპირის თეატრმა, თუმცა ამავდროულად კლასიცისტური ტრადიციის ერთგულიც რჩება. მისი აზრით ინგლისურ თეატრს აკლდა ფრანგული დახვეწილი სტილი, სიწმინდე, რეგულარობა, მაგრამ ამავდროულად ჰქონდა უპირატესობაც - მოქმედება. ამიტომ ვოლტერის ნაწარმოებებში შენარჩუნებულია კლასიცისტური სტილი ,მაგრამ გაძლიერებული, გამრავლებულია მოქმედება, გართულებულია ინტრიგა. იმისათვის, რომ ეფექტი და მაყურებლის თანაგრძნობა გააძლიეროს ვოლტერი ამრავლებს დეკორაციებს, სხვადასხვა ეროვნებების პერსონაჟებს, შემოაქვს ლოკალური ფერი, პათეტიკურობა, და მელოდრამატული ეფექტები და ყოველივე ამით ტრაგედიას აქცევს დრამად. ყველაზე დიდი სკანდალი გამოიწვია მისმა ტრაგედიამ მაჰმუდი, სადაც ადვილი შესაცნობია ცრუ წინასწარმეტყველი და ამის სასფუძველზე რელიგიის კრიტიკა, იქნება ეს ქრისტიანული თუ მაჰმადიანური. ვოლტერს უსაყვედურებენ ქრისტიანობაზე იერიშის მიტანას. ვოლტერმა შექმნა ასევე ნაციონალური ტრაგედია, ადელაიდა დიუ გეკლენი , რაც მართლაც სიახლე იყო.
ოიდიპოსი, 1718
ბრუტუსი, 1730
ზაირი, 1732
მაჰმუდი, 1742
მეროპე, 1743
სემირამისი, 1748
ჩინელი ობოლი, 1755
ირენი, 1778

понедельник, 11 октября 2010 г.

გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი

სვეტონიუსის დაბადების ზუსტი ადგილი და თარიღი უცნობია. ცნობილია რომ მისი მამა სვეტონიუს ლეტუსი მონაწილეობას იღებდა ოტონის ბრძოლაში ვიტელიუსის წინააღმდეგ. როგორც ჩანს იგი მხედართა კლასს მიეკუთხვნებოდა. მისი ბაბუა კი იკავებდა რაღაც მცირე პოსტს ტიბერიუსის და კალიგულას კარებზე. ახალგაზრდობაში გაიუსმა მიიღო შესაფერისი განათლება, შემდეგ იგი დაუმეგობრდა გავლენიან სენატორს და ისტორიკოსს პლინიუს უმცროსს. გაიუსის შემდგომი ბიოგრაფია სწორედ მათი მიმოწერიდანაა ცნობილი, რომელმაც დღემდე ფრაგმენტულად მოაღწია.

პლინიუს უმცროსის დახმარებით გაიუსმა აიცილა სამხედრო სამსახური ტრაიანეს დროს და დაინიშნა ტრიბუნად. პლინიუსი ასევე დაეხმარა მას რომის მახლობლად ვილის ყიდვაში. ხოლო იმპერატორ ადრეანეს კანცელარიაში მოეწყო ბიბლიოთეკების ზედამხედველად და შემდეგ "მიმოწერის მრჩევლის" პოსტიც მიიღო, მაგრამ 122 წელს იმპერატორის ბრძანებით იგი დაითხოვეს.

ამის შემდეგ მისი ცხოვრების შესახებ არანაერი ინფორმაცია არ არის. ზოგი ვერსიით იგი ისევ დაუბრუნდა კანცელარიაში სამსახურს, სხვა ვერსიებით კი ცხოვრების ბოლომდე იგი მხოლოდ მწერლობით იყო დაკავებული.

პლინიუსი თავის მიმოწერაში სვეტონიუსს ახასიათებს როგორც არაპრაქტიკულ, დინჯ და ძალიან განათლებულ ადამიანს, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდეში წიგნებთან მუშაობა. მის მიერ დაწერილი ნაშრომების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ მან დიდხანს იცხოვრა, ალბათ 140 - 150 წლებამდე.
შემოქმედება [რედაქტირება]

სვეტონიუსის ნაწარმოებებიდან შედარებით სრულად ჩვენამდე მხოლოდ 12 კეისარის ცხოვრებამ მოაღწია. ამ ნაშრომზე ძალიან დიდი დავა იყო წამოწეული, ბევრი მიიჩნევს რომ, როგორც ისტორიკოსი პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი მასზე უკეთესია, ხოლო როგორც ბიოგრაფი პლუტარქე.

პლუტარქე ფილოსოფოსი და ფსიქოლოგია, ამრიგად იგი თავის ბიოგრაფიებში ცდილობს ჩაწვდეს პიროვნების არსს და მისი ქმედებები ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ახსნას. ტაციტუსი კი ისტორიკოსია, იგი წერს ისტორიულ მოვლენებზე და მხოლოდ ამ მოვლენების კონტექსტში განიხილავს პიროვნებებს. სვეტონიუსი კი იღებს ცალკეულ პიროვნებას, ისტორიული კონტექსტისგან დამოუკიდებლად და ცალცალკე აფასებს მის ყველა თვისებას და საქმიანობას.

სვეტონიუსი როგორც ესეთი ისტორიკოსი არ იყო, მისი ჩვენამდე არ მოღწეული ნაწარმოებების ჩამონათვალით შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ მას ენციკლოპედიური ხასიათის ინტერესები ჰქონდა და ისტორიის გარდა კიდევ უამრავ თემაზე წერდა, ამრიგად მისი მიზანი იყო არა ზოგადად ისტორიული მოვლენების ასახვა, არამედ კონკრეტული მოვლენების ვიწროდ გაშუქება.
12 კეისარის ცხოვრება [რედაქტირება]

12 კეისარის ცხოვრება არის ჩვენამდე ყველაზე სრულად მოღწეული ნაშრომი. ამ წიგნში აღწერილია იულიუს კეისარიდან დომიციანემდე ყველა იმპერატორის ბიოგრაფია. ხელნაწერის დასაწყისი სამწუხაროდ დაკარგულია, სადაც აღწერილია კეისარის წარმოსვება და დაბადება. სვეტონიუსი თავის ნაშრომში არ იცავს ქრონოლოგიას. ყველა ბიოგრაფია დაყოფილია ოთხ ნაწილად: ძალაუფლების მიღწევამდე, მმართველობა, პირადი ცხოვრება, სიკვდილი და დასაფლავება. პირველ და უკანასკნელ ნაწილში იგი ასე თუ ისე იცავს ქრონოლოგიას, ხოლო მმართველობასა და [პირად ცხოვრებაში იგი მხოლოდ ფაქტების ჩამონათვალს გვაძლევს, რომლებიც მოცემულ პირივნებას ჯერ დადებითან შემდეგ კი უარყოფითად ახასიათებს. იგი არ ცდილობს გააკეთოს ანალიზი, განსჯა მკითხველისთვის არის მინდობილი.
სხვა ნაშრომები [რედაქტირება]

არსებობს კიდევ რიგი ნაშრომებისა რომლებიც ჩვენამდე მხოლოდ მცირე ფრაგმენტების სახით არის შემონახული, ხოლო დაკარგული ნაშრომების შესახებ სხვადასხვა ხსენებებიდან არის ცნობილი. მაგალითად ბიზანტიის ბიბლიოთეკურ ჩამონათვალსი "სუდაში" ჩამოთვლილია ის ნაწარმოებები რამაც ჩვენამდე ვერ მოაღწია.

შუმერი - (შუმერულად ki-en-gir) უძველესი ცივილიზაცია მესოპოტამიაში ძვ. წ. VI - ძვ. წ. III ათასწლეულებში. დღეისთვის შუმერული ცივილიზაცია ჩვენთვის ცნობილი უძველესი კულტურაა. სავარაუდოდ სწორედ შუმერებმა მოიგონეს ირიგაცია, ბორბალი და დამწერლობა.შუმერული ქალაქ-სახელმწიფოების წარმოშობა

ადამიანის მიერ სამხრეთ შუამდინარეთის ათვისება დაიწყო ძვ. წ. VI ათასწლეულში. VI - V ათასწლეულებში აქ დასახლებული ტომები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რეგიონში ძალიან ცოტა იყო მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწები. მხოლოდ ძვ. წ. IV ათასწლეულისთვის დაიწყეს ტომებმა გაერთიანება და ევფრატის ნაპირებზე ირიგაციული სისტემების შექმნა. საირიგაციო სისტემის შექმნამ გამოიწვია მოსავლის ზრდა და პროდუქციის დაგროვების შესაძლებლობა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა შრომის დიფერენციაცია და მოგვიანებით კლასების ჩამოყალიბება.

დაიწყო ასევე დასახლებების ზრდა და ქალაქების ჩამოყალიბება. ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში დიდ დასახლებებს, სადაც ტაძრებიც იყო, გალავნები შემოარტყეს, ასე წარმოიშვა პირველი ქალაქები. ტაძრები ასრულებდნენ არა მხოლოდ რელიგიური კულტის თაყვანისცემის ფუნქციას, არამედ აქ იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი და ინახებოდა მოსავლის მარაგები. დაახლოვებით ძვ. წ. 3000 - ძვ. წ. 2900 წლებში ტაძრების მეურნეობა იმდენად გართულდა, რომ საჭირო გახდა უფრო რთული აღრიცხვის სისტემის შემუშავება, რამაც განაპირობა დამწერლობის შექმნა.

ამ პერიოდისთვის დაარსებული უდიდესი შუმერული ქალაქები იყო: ერიდუ, ნიფური, ქიში, ლაგაში, ურუქი, ური და უმა.
დამწერლობამდელი პერიოდი და დამწერლობის შექმნა

შუმერებმა წერა თიხის ფილებზე ლერწმით დაიწყეს. ყოველი სიმბოლო აღნიშნავდა რაიმე საგანს, ან ამ საგანთან დაკავშირებულ ცნებას. მაგალითად სიმბოლო "ფეხები" ნიშნავდა სიარულს, მოსვლას, მოტანას, დგომას. ამრიგად გრამატიკული ფორმები დამწერლობაში არ აისახებოდა, და ეს თავდაპირველად არც იყო საჭირო, რადგან დოკუმენტებში აისახებოდა მხოლოდ ციფრები და გამოსათვლელი პროდუქტების სიმბოლოები. მხოლოდ ძვ. წ. 2400 წლისთვის მიიღო ლურსმულმა დამწერლობამ ისეთი სახე, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა ინფორმაციის სრულყოფილად გადაცემა.

ლურსმული დამწერლობით ფილა

რაც შეეხება ლურსმულ დამწერლობას, თიხის ფილაზე ძალიან რთულია სიმბოლოების ასახვა, ამიტომაც მიიღო დროთა განმავლობასი სიმბოლოებმა ის ფორმა, რომელსაც ლურსმული დამწერლობის სახით ვიცნობთ.

ლურსმული დამწერლობით შექმნილი წარწერების შესწავლამ ცხადყო, რომ ამ პერიოდში სამხრეთ შუამდინარეთში ცხროვრობდა ორი სხვადასხვა ერი, რომლების ორ სრულიად განსხვავებულ ენებზე საუბრობდნენ და წერდნენ, ეს იყო შუმერული ენა და აქადური ენა. შუმერული ენა არ ენათესავება არცერთ ცნობილ ენას, ხოლო აქადური მიეკუთვნება აღმოსავლეთ სემიტურ ენებს. შესაძლოა ამ პერიოდში ცხოვრობდნენ კიდევ სხვაენოვანი ტომები, მაგრამ მათ შესახებ ცნობებმა ჩვენამდე არ მოაღწია.

მესოპოტამიური უძველესი ტექსტები (ძვ. წ. 2900 - ძვ. წ. 2500) დაწერილია მხოლოდ შუმერულ ენაზე. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ აღმოსავლელი სემიტები ამ პერიოდში არ ცხოვრობდნენ შუამდინარეთში, როდესაც ძვ. წ. 2350 წლამდე სამხრეთ მესოპოტამიაში უფრო გავრცელებული იყო შუმერული ენა, ცენტრალურ და ჩრდილო მესოპოტამიაში ჭარბობდნენ სემიტური ენები.

არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში შუმერებსა და სემიტებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტები არ ყოფილა, სავარაუდოდ მაშინ ხალხი ასეთი ფართო კატეგორიებით არ ხელმძღვანელობდა, ომობდნენ ერთმანეთში უფრო მცირე ერთეულები, ქალაქები და ტომები. ყველა მესოპოტამიელის თვითდასახელება იყო "შავთავიანი", შუმერულად სანგ-ნგიგა აქადურად ცალმატ-კაქადი.

ვინაიდან იმდროინდელი ისტორია ჩვენთვის უცნობია, ისტორიკოსები ხელმძღვანელობენ არქეოლოგიური პერიოდიზაციით. არქეოლოგები ასხვავებენ დამწერლობამდელ პერიოდს (ძვ. წ. 2900 - ძვ. წ. 2750), რომელიც ორ ქვეპერიოდად იყოფა და ადრეული დინასტიის პერიოდს (ძვ. წ. 2750 - ძვ. წ. 2310), რომელიც სამ ქვეპერიოდად იყოფა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ უძველესი ლურსმული დამწერლობა მთელ სამხრეთ მესოპოტამიაში სრულიად იდენტური იყო, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი სადღაც ერთ ადგილას შეიქმნა და ეს ადგილი ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ მესოპოტამიის სხვა მოსახლეებმაც გადაიღეს იქედან დამწერლობა. სავარაუდოდ, ეს ქალაქ ნიფურში მოხდა. ამ ქალაქში იყო ქალღმერთ ენლილის ტაძარი, რომელსაც ყველა "შავთავიანი" სცემდა თაყვანს, თუმცა ყველა "ნომს" საკუთარი ღმერთი ყავდა. სავარაუდოდ, ნიფური სახელმწიფომდელი შუმერის რელიგიური ცენტრი იყო, ასეთივე დარჩა მოგვიანებითაც, თუმცა იგი არასდროს იყო პოლიტიკური ცენტრი.

ჯორჯ ბერნარდ შოუ

დაიბადა : 26.07.1856 წ
გარდაიცვალა : 02.11.1950 წ


ჯორჯ ბერნარდ შოუ (ინგ. George Bernard Shaw, ძველი ირლანდიური გვარი Shaw მართებულად იკითხება როგორც So); (26 ივლისი, 1856, დუბლინი - 2 ნოემბერი, 1950, ეიოტსენტლორენსი) - ირლანდიელი დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1925). დაიბადა ქ. დუბლინში 1856 წლის 26 ივლისს. თავიდან იგი სახლში იღებდა განათლებას, შემდეგ კი კათოლიკურ და პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა. 16 წლის ასაკში, უძრავი ქონების სააგენტოში კლერკად დაიწყო მუშაობა. ბრიტანულ მუზეუმში შოუ შეხვდა თეატრალურ კრიტიკოსს უილიამ არჩერს, რომელმაც შოუს შესთავაზა თეატრზე წერა და 1886 წელს რეკომენდაცია გაუწია ყოველკვირეულ "ვორლდში". 1885 -1888 წლებში შოუ აქვეყნებს რეცენზიებს "პელ-მელ გაზეთშიც" და მუსიკალურ რეცენზიებს კორნო დი ბასეტოს ფსევდონიმით მასობრივი ტირაჟით გამომავალ ახალ დედაქალაქურ გაზეთ"სტარშიც", ხოლო 1890 წელს ხდება, "ვორლდის" შტატიანი მუსიკალური კრიტიკოსი. წიგნმა იბსენის პიესის "მოჩვენება" დამდგმელის ჯ.თ. გრეინის ინტერესი გამოიწვია და მან შესთავაზა შოუს, შეექმნა პიესა დამოუკიდებელი თეატრისათვის. მან უილიამ არჩერის თანაავტორობით შექმნილი პიესის საფუძველზე დაწერა "ქვრივის სახლები", თავის პირველი ნაწარმოები თეატრისათვის. პიესას თავშეკავებით შეხვდნენ და ორი სპექტაკლის შემდეგ მოხსნეს. შემდგომი ექვსი წლის განმავლობაში შოუ წერს ცხრა სრულმეტრაჟიან და ერთ ერთაქტიან პიესას. მისი მეორე პიესის "გულთამპყრობელის" (1893წ) დადგმა, ვერცერთმა რეჟისორმა ვერ ითავა, ხოლო პიესა "მისის უორენის პროფესია'', რომელშიც პროსტიტუციის თემა იყო წინ წამოწეული, საერთოდ აკრძალეს. "კაცი დაზეკაცი" (1905წ) ერთ-ერთია შოუს ყველაზე იღბლიან პიესათაგან, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა კრიტიკოსებსადა მაყურებლებს შორის."მაიორი ბარაბა" (1905წ), სოციალური სატირაა "პიგმალიონში" (1913წ) ავტორი სატირულად დასცინის სოციალურ მანერულობას, რომელიც ხელს უწყობს კლასობრივი განსხვავების გაძლიერებას. შემდგომში ამ პიესის მოტივებზე ალან ჯეი ლერნერმა და ფრედერიკ ლოუმ დაწერეს მიუზიკლი "ჩემი მშვენიერი ლედი" (1956წ).


პირველი მსოფლიო ომის დროს, შოუ აქტიურად იყო დაკავებული პოლიტიკით. 1913 წელს ბეატრისთან და სიდნეი ვებთან ერთად დაარსა რადიკალური ჟურნალი "ნიუ-სტეიტსმენი", რომლის 1914 წლის ნოემბრის ნომერში განთავსებული იყო დიდი ნარკვევი "ომი ჯანსაღი აზროვნების თვალსაზრისით", "უკან მათუსალასთან" (1922წ) შოუს ყველაზე არაეთგვაროვანი და რთული პიესაა, პიესა - დისკუსიის
ტიპიური მაგალითი. ჟანა დარკის კანონიზაციის შემდგომ 1920 წელს შოუ პოულობს ახალ გმირს თავისი ერთადერთი ტრაგედიის "წმინდა იოანასთვის'' (1924წ). 1925 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში არ გაიცემოდა, ხოლო 1926 წელს მიანიჭეს Bერნარდ შოუს "შემოქმედებისთვის, რომელიც განმსჭვალულია იდეალიზმით და ჰუმანიზმით, ნაპერწკლისმფრქვეველი სატირისთვის რომელიც ხშირად შეხამებულია გამორჩეულ პოეტურ სილამაზესთან." 1928 წელს შოუმ გამოუშვა "ჭკვიანი ქალის სახელმძღვანელო სოციალიზმის და კაპიტალიზმის საკითხებზე".

1943 წელს ცოლის გარდაცვალების შემდეგ შოუ გადადის ლონდონიდან თავის სახლში, ჰერტფორდშირში. 94 წლის ასაკში, მალევე თავისი დაბადების დღის შემდეგ, ბაღში მუშაობისას, იგი წაიქცა და მენჯის ძვალი გაუტყდა.

გარდაიცვალა 1950 წლის 2 ნოემბერს.